კობახიძე: "მკოიანი თავს იცავდა"
02/04/2020 14:42:15 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ემზელ მკოიანმა სამველ პეტროსიანს თავდაცვის მიზნით, თავდასხმაზე პასუხად ესროლა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ან დაკავების საფუძველი არ არსებობს.
ინფორმაციისთვის: 26 მარტს ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს. საუბარია ენზელ მკოიანზე, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნების“ სახელით, და სამველ პეტროსიანზე, რომელიც წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. მომხდარის გამო დაკავებულია 2 პირი, მათ შორის პეტროსიანი.
2 აპრილს კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები მოუტანა არგუმენტად და ჰკითხა, ამ ფაქტის გამო შეუწყდება თუ არა პარლამენტარის უფლებამოსილება ენზელ მკოიანს, რომელიც არ დაუკავებიათ. კობახიძემ საპასუხოდ განაცხადა:
„ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, რაც ასახავს იმ ვითარებას, რომელიც იყო კონკრეტულ ადგილას, სადაც იყო შესაბამისი კონფლიქტი. აქ კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რაც იკვეთება კადრებიდან და დანარჩენი არის გამოძიების საქმე“.
მისივე თქმით, „პირდაპირ ჩანს, რომ კონფლიქტის და სროლის ინიციატორი იყო სამველ პეტროსიანი“. სამველ პეტროსიანი განსხვავებულ ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ ჰაერში ისროლა და არა მკოიანის მისამართით: „მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო“.
როგორც კობახიძე ამბობს, „არავითარი საფუძველი, მე ვფიქრობ, ამისთვის არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ კადრებში ჩანს ყვლაფერი ნათლად: არის სროლა, რომელსაც იწყებს პეტროსიანი და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი, რომ დაკავებული იყოს ენზელ მკოიანი ან საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ და მით უმეტეს, შეუწყდეს უფლებამოსილება, არ არსებობს“.
„მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.


