ენმ მზადაა, უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად, ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს
05/04/2020 08:49:26 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის ხელისუფლებას თანხა ჩაურიცხოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი პირობა ამისთვის არის ის, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ გააფორმოს.
„მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმისათვის, რომ „სკაიაფს“ მიეცეს საშუალება ამ ფრენების განხორციელების. საგანგებო მდგომარეობაა სახელმწიფოში, აეროპორტები დაკეტილია და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ ნებართვის მიღება სრულიად შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საუბარია 4 000-ზე მეტ ადამიანზე.
„28 მარტს ჩვენ უკვე მივაწოდეთ ჩვენი მოქალაქეების სიები. ვერც ერთი ფიზიკური პირი და პოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ, ეს ფული გადარიცხონ ფონდში და ჩვენ მივხედავთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს“.


