“Der Tagesspiegel": გერმანიის მთავრობამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებულთა რიგს მიაკუთვნა

08-04-2020 14:37:48 სამართალი ,საგარეო პოლიტიკა

გერმანიის მთავრობამ ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით განხორციელდა, პოლიტიკურად მოტივირებულთა რიგს მიაკუთვნა, - წერს გერმანული გამოცემა “Der Tagesspiegel".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამაზე ირიბად მეტყველებს მთავრობის პასუხი ბუნდესტაგში “მწვანეთა” პარტიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ირენ მიხალიჩის მიმართვაზე, რომელიც 2019 წლის პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს ეხებოდა.

«საპასუხო წერილში საუბარია ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობაზე, რომელსაც ვერც ერთ ექსტრემისტულ წრეს ვერ მიაკუთვნებ. შსს-მ დაუდასტურა “Der Tagesspiegel”-ს, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე», - განმარტავს გამოცემა.

მისივე ცნობით, “23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კრასიკოვმა თავში რამდენიმე გასროლით მოკლა საქართველოს ჩეჩნური ეროვნების მოქალაქე».

«კრასიკოვი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. დეკემბერში იმ ეჭვთან დაკავშირებით, რომ დანაშაული რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით იყო ჩადენილი, გამოძიება ფედერალურმა პროკურატურამ განაგრძო. სავარაუდო დამკვეთებად პუტინის რეჟიმი ან/და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბრუტალური მმართველი რამზან კადიროვი ითვლებიან. ხანგოშვილი ხომ მეორე ჩეჩნური ომის დროს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, ასევე საქართველოს მხარეს იჭერდა რუსეთთან კონფლიქტში» - სტატიაში, რომლის თარგმანს “Inopressa” აქვეყნებს

სამთავრობო დოკუმენტი გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული და ანტისემიტური კანონდარღვევების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას მოწმობს, - დასძენს “Der Tagesspiegel”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები