პირველი პაციენტი ჩაკეტილ აფხაზეთში, რწმენა და “მკაცრი” რეჟიმი, რომელსაც ყველა არღვევს

08-04-2020 14:40:54 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 8 აპრილიდან ფსოუზე დე ფაქტო საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესახებ განაცხადა. თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედება გრძელდება, თუმცა სოცქსელებში სისტემატიურად ვრცელდება ვიდეო- და ფოტო-მტკიცებულებები, რომელიც ამ რეჟიმის მრავალრიცხოვან დარღვევებს მოწმობს. ეს ყველაფერი – იმ ფონზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსულმა ინფექციამ უკვე შეაღწია.

ოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა გუშინ საღამოს გაავრცელა: COVID-19 გუდაუთის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს, გაგრის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც, როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა მივლინებით.

7 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას მოქალაქეთა ყველა კატეგორიისთვის ფსოუზე დე ფაქტო საზღვრის 20 აპრილამდე სრულად ჩაკეტვის თაობაზე. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატების, რუსი სამხედროებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი მძღოლებისთვის დაიშვება.

საგანგებო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 მარტს შემოიღეს. მოსახლეობას კონტაქტებისგან, აუცილებლობის გარეშე გარეთ გასვლისგან თავშეკავება, აუცილებლობის შემთხვევაში კი მხოლოდ ნიღბებითა და ხელთათმანებით გადაადგილება ურჩიეს. დაიკეტა ყველა სასტუმრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტი, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები. აფხაზეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს კი, სადაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელებაა დაფიქსირებული, სავალდებული კარანტინში ყოფნა დაევალათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საგანგებო რეჟიმი ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, ხშირ შემთხვევაში – დემონსტრაციულად. ასე, მაგალითად, ხარების დღესასწაულზე სოხუმის საკათედრო ტაძარში რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა. დიდი თავყრილობის მონაწილეები ერთი კოვზით აზიარეს. დღეს დილით კი სოცქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც მრავალსართულიანი სახლის აივნიდანაა გადაღებული და სოხუმის საქალაქო ბაზრის მიდამოებში ხალხისა და მანქანების მასშტაბურ თავშეყრას ასახავს. თავად ბაზარი, მართალია, დაკეტილია, მაგრამ მის ირგვლივ აგრძელებს მუშაობას უამრავი სასურსათო მაღაზია.

ამასთანავე, სოცქსელების ბევრი მომხმარებელი რუსეთიდან აფხაზეთში ახლადჩასული მოქალაქეების მიერ კარანტინის რეჟიმის დარღვევის შესახებ იუწყება.

ის მოქალაქეები კი, რომლებიც ყველა რეკომენდაციას იცავენ და უკვე მეორე კვირაა, სახლებში სხედან, ვერ ხვდებიან, რა აზრი ჰქონდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ვინმეს სახლში დარჩენას? - არსებულ პირობებში ხომ ინფექცია, რომელმაც აფხაზეთში უკვე შეაღწია, ელვის სისწრაფით დაიწყებს გავრცელებას და მათი სახლში ჯდომა ვეღარაფერს უშველის.

პასუხი კითხვაზე, ვინ უნდა აღასრულოს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილება და აკონტროლოს რეჟიმის დარღვევა, გაურკვეველია: კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც თავად ვალერი ბგანბა ხელმძღვანელობს, თითს ოპერატიული შტაბისკენ იშვერს; ოპერატულ შტაბში აცხადებენ, რომ მხოლოდ სამედიცინო საკითხები ეხებათ, განკარგულებების აღსრულებაზე კონტროლი კი დე ფაქტო შსს-ს პრეროგატივაა; თავის მხრივ, ამ უწყებაში ამბობენ, რომ “მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, აფრთხილებენ».

“კორონავირუსის პირველი შემთხვევა აფხაზეთში სერიოზულ გაფრთხილებად უნდა იქცეს ყველასთვის: დაუშვებელია საფრთხის იგნორირება ან არასათანადოდ შეფასება, შესაძლო შედეგებისადმი უპასუხისმგებო მიდგომა, სახელმწიფომ კი გადაწვეტილებების მიღების შემდეგ მათი აღსრულებაც უნდა უზრუნველჰყოს. მსოფლიო სტატისტიკამ უკვე არაერთგზის დაადასტურა, რაოდენ ძვირი უჯდებათ ქვეყნებს, რომლებმაც საფრთხის მასშტაბები უგულებელჰყვეს და კარანტინის გამოცხადება დაიგვიანეს. სულ ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1,4 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული და 76 300-ზე მეტი გარდაცვლილია” – წერს ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მიმომხილველი ელენა ზავოდსკაია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები