Amnesty International ცხინვალს თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

09-04-2020 20:08:17 კონფლიქტები

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Amnesty International” მოუწოდებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას, “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს «Эхо Кавказа»-ს ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევას და სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის დევნა”. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

«აზრის გამოხატვის თავისუფლება სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში იხშობა, ფართოდ არის გავრცელებული შიშისა და დაშინების ატმოსფერო», - ნათქვამია დოკუმენტში.

Amnesty International დეტალურად აღწერს თამარ მეარაყიშვილის დაშინებისა და დევნის ფაქტებს. მის განცხადებაში ნახსენებია «Эхо Кавказа»-ს სტატიაც, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც, 2017 წლის 16 აგვისტოს თამარი დააკავეს. განცხადებაში ირინა ქელეხსაევას მასალების შესახებაც არის საუბარი, რომლებიც მისი დევნის საფუძვლად იქცა.

Amnesty International აცხადებს, რომ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიოლი საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ.

«ცოტა ჟურნალისტს თუ შეუძლია, შეეწინააღმდეგოს ანალოგიურ ზეწოლას და შესაძლო დევნას, როგორც თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას შემთხვევებში ხდება, და აშუქებდეს პრობლემებს, რომელიც ხელისუფლებას გააღიზიანებს. Amnesty International-მა მიიღო მტკიცებულებები იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უკავშირდებოდა კერძო პირებს, რომლებმაც კრიტიკული სტატიები სოციალურ ქსელში გააშეარეს ან თუნდაც მოიწონეს კრიტიკული “პოსტი”. არსებობს მონაცემები უნივერსიტეტის პედაგოგების დევნის შესახებაც: მათ ხელისუფლების კრიტიკის გამო სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიანა», - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ «საქართველოც და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილიც სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ».

Amnesty International როგორც კერძო პირთა, ისე სახელმწიფო მოხელეთა მიმართ ცილისწამებისა და დიფამაციის კრიმინალიზაციის წინააღმდეგია, თვლის რა, რომ მსგავსი დავები მხოლოდ სამოქალაქო პროცესის ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, დიფამაციის დეკრიმინალიზაციის საკითხი განიხილონ და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები