ბოკერია – ოქრუაშვილის განაჩენზე: „ივანიშვილი და მისი გუნდი არ უნდა მოტყუვდეს“
13/04/2020 10:24:06 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ პანდემიის ფონზე ოპოზიციისთვის რამე შეიცვალა: ირაკლი ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რისთვისაც ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრამდე, ან ვითარების ნორმალიზაცია არ იქნება, შეთანხმება კი ჩაიშლება.
„ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია. ვიდრე ის პატიმრობაშია, შეთანხმება შესრულებული არ არის. არ უნდა მოტყუვდეს ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ამ ტიპის საფრთხის დროს, რაც საქართველოს და მთელი მსოფლიოს წინაშეა და რასაც პანდემია ჰქვია, რაიმე შეიცვალა. საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, შემდგომ გვექნება არჩევნები და თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და გიგი უგულავასი, არ იქნება ვითარების ნორმალიზაცია და ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს მისი ამ არჩევანის გამო“,– განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის: 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.


