Accentnews.ge
ვაშაძე – ოქრუაშვილის განაჩენზე: "საკადრის პასუხს მიიღებენ!"

ვაშაძე – ოქრუაშვილის განაჩენზე: "საკადრის პასუხს მიიღებენ!"

13/04/2020 10:59:02 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 5–წლიანი პატიმრობა "შეთითხნილი ბრალდებით“ მიუსაჯეს.

„ირაკლისთან ვიყავი მთელი ის საღამო. რა შეთქმულება, რა ორგანიზება, რა სახელმწიფოს დამხობის იმაში მონაწილეობა?! სამარცხვინო არის აბსოლუტურად. ეხლა ამათ ჰგონიათ, რომ რახან პანდემია არის, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს, არც ოპოზიციის მხრიდან და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც ფაქტიურად, თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ? ვაშაძემ უპასუხა: „გადაწყვიტონ როგორ. როგორც შეთითხნეს ეს საქმეები, ისე მონახონ ამ საქმეებიდან გამოსავალი“.

მისივე თქმით, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, არ იქნება საარჩევნი საკითხებზე ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება:

„სხვა რაღაცეებიც არის მოფიქრებული, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ, ამაზე არ მინდა ეხლა ლაპარაკი. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიცია უძლური არის და თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ კორონავირუსის პანდემიამ ისე მოაძლიერა ხელისუფლება, რომ პრობლემები არ ექნება, ძალიან ცდებიან“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S