
"ეს ფაქტი არის საქართველო-უზბეკეთის მეგობრობის დადასტურება"
13/04/2020 19:46:56 საგარეო პოლიტიკა
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისთვის უზბეკეთიდან 2 მილიონი მეტრი სამედიცინო მარლა გამოიგზავნა.
„მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ეს არის საქართველო-უზბეკეთის მეგობრობის საუკეთესო დადასტურება“, – აცხადებს ელჩი.
როგორც „აქცენტს“ აბდუშელიშვილმა განუცხადა, Covid-19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოში მარლის შეძენა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს:
„სახელი “მარლა” საფრანგეთის პროვინცია მარლომს უკავშირდება. სადღეისოდ, მას რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს, მათ შორის - უზბეკეთის რესპუბლიკაც, სადაც ტექსტილის წარმოება ტრადიციულად ძლიერია. მაგრამ ამ პერიოდში მარლის შეძენა გართულდა, რადგან ქვეყნებმა მსგავსი ტექსტილის ექსპორტი შეზღუდეს. საქართველოს მთავრობის, პრემიერ მინისტრის აქტიური კოორდინირებით და უზბეკეთში ჩვენი საელჩოს დიდი ძალისხმევით, მოხერხდა აღნიშნული ნედლეულის შეძენა. თავდაპირველად, ერთ მილიონ მეტრ პროდუქციაზე იყო საუბარი. შექმნილ სიტუაციაში, ესეც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ 2 მილიონი მეტრის მოპოვება შევძელით. ცხადია, პერსონალურ და სახელმწიფოთა შორის მეგობრობას აქ გადამწყვეტი როლი ჰქონდა.
ხაზი უნდა გაესვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის, მოადგილეების მიხეილ ნინუასა და ალექსანადრე ხვთისიაშვილის ჩართულობას და როლს. მადლობა მათ და ასევე საელჩოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“.
„ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს. უზბეკეთს, საქართველო მეგობარ ქვეყნად მიაჩნია, ისევე როგორც საქართველოს უზბეკეთი. გასული წლის ოქტომბერში, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, ჩამოსული იყო უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, ელიორ განიევი, ასევე რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი და ახლა, ამ ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც მარლის შეძენაზე მოგვიწია მუშაობა, ამ მეგობრულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
“თავიდან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას კერძო კომპანიებთან, მაგრამ გარანტიებს ვერავინ იძლეოდა. ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთს აქვს ხელშეუხებელი რეზერვები, რომელსაც, საგანგებო შემთხვევებისთვის ინახავს და მისი მოცულობა 3 მილიონ 700 ათას მეტრს შეადგენს. გადავერთეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებზე, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ მინისტრ გახარიას პირადი ჩართულობა და როლი - მან წერილით მიმართა თავის უზბეკ კოლეგას, რის შემდგომაც მალევე მივიღეთ დადებითი პასუხი“ - გვიყვება ელჩი.
როგორც ზურაბ აბდუშელიშვილი აღნიშნავს, ლოგისტიკის მხარეც პრობლემას წარმოადგენდა.
„საბოლოოდ ვარჩიეთ სახმელეთო გადაზიდვა. ახლა, ჩვენ სანამ ვსაუბრობთ, ტვირთი უკვე გზაშია, დღეს საღამოს პორტ კურიკში (ყაზახეთი) უნდა ავიდეს ბორანზე. თუ ამინდმა არ შეუშალა ხელი, დაახლოებით 48 საათში, ტვირთი საქართველოში უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ეს ყველა ჩვენგანის წარმატება და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. დღეს ეს ეს მარლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მიხარია რომ ეს გამოგვივიდა“, – აცხადებს ელჩი.