"ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას"
14/04/2020 14:04:23 პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - დასძენს ელჩი.
კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე, გუშინ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.
ცნობისთვის: საქალაქო სასამარლომ "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელ ირაკლი ოქრუაშვილს 13 მარტს 5–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.


