
EMC: "შეიხი ასადოვი სუს-ში დაიბარეს - საკითხი აღდომასთან დაკავშირებით განცხადებას ეხება"
16/04/2020 10:10:30 სამართალი
შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის “ EMC-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასადოვის სუს-ში დაბარება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარში“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენც გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.
„მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.