Accentnews.ge
ტერორიზმი და გამოწვევები საქართველოსთვის – სუს–ის ანგარიში

ტერორიზმი და გამოწვევები საქართველოსთვის – სუს–ის ანგარიში

16/04/2020 11:45:31 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) ტერორიზმის კონტექსტში საქართველოსთვის „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ მხრიდან მომდინარე რამდენიმე შესაძლო საფრთხეს ასახელებს:

  • სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ რიგებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნება;
  • ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ან/და ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა;
  • ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობა;
  • საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისთვის ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა;
  • აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა.

სუს–ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მებრძოლთა მეუღლეებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების საკითხის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და ყველა შემთხვევას განიხილავს ინდივიდუალურად. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, სამსახური მხარს უჭერს აღნიშნული პირების მიმართ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მსგავსი მიდგომა დაფიქსირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაშიც“, თუმცა სტატისტიკა არაა მითითებული.

ანგარიშში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მითითებულია ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა ან/და ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთ პირთა შემოსვლა, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები არიან:

„პირთა დიდმა ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დატოვა აღნიშნული რეგიონი. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით ცდილობდნენ კონკრეტულ სახელმწიფოებში მოხვედრას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებით მაქსიმალურად კონტროლდებოდა აღნიშნული პირების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები...საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების განახლება, რამაც ეფექტური გახადა ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის არხების მონიტორინგი. პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. აღნიშნულის შედეგად გასული წლის განმავლობაში იდენტიფიცირდა და შესაბამისი კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე“.

რაც შეეხება მოქალაქეთა გადაბირების მცდელობას, სუს–ის ცნობით, აქტიური კერები გასულ წელს არ დაფიქსირებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S