“Amnesty International”-ის წლიური მოხსენება: აქციის დაშლა, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, დაუსჯელობა
16/04/2020 13:48:45 პოლიტიკა
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Amnesty International”-მა მორიგი წლიური მოხსენება გამოაქვეყნა. საქართველოში არსებული ვითარება აღწერილია ქვეთავში «ადამიანის უფლებები ყოფილ სსრკ-ში – 2019. აქტივიზმის ზრდა ადამიანის უფლებების მხრივ იმედის საფუძველს იძლევა».
20 ივნისის აქციის დაშლა
![]()
როგორც “Amnesty International”-ი აღნიშნავს, პოლიციამ “არათანაზომიერად და არაშერჩევითად” გამოიყენა ძალა თბილისში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
«პოლიციელებმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ, რაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პარლამენტის შენობის შტურმი სცადა. ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველების ჩვენებების თანახმად, პოლიციის თანამშრომლები არაშერჩევით სროლას ახორციელებდნენ ხალხის მასის მისამართით, ისე, რომ არ ასხვავებდნენ აგრესიულად განწყობილ დემონსტრანტებს მშვიდობიანი უმრავლესობისგან. დაშლის შედეგად ტრავმირებულ იქნა 240-მდე ადამიანი, მათ შორის – 40-მდე ჟურნალისტი. აქციის 100-ზე მეტი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებებით დააკავეს», - აღნიშნულია დოკუმენტში.
“სამხრეთ ოსეთში” გამშვები პუნქტების ჩაკეტვა

“Amnesty International”-ი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამტარი პუნქტების ჩაკეტვას გმობს.
«სექტემბერში სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივმა მმართველებმა სრულად ჩაკეტეს მოძრაობა ორ დარჩენილ გამშვებ პუნქტზე, რითაც კიდევ უფრო გაამწვავეს ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა და უკონტროლო ტერიტორიის ბევრი მაცხოვრებელი სამედიცინო დახმარების, განათლებისა და დანარჩენ საქართველოში ნათესავებისა და ახლობლების მონახულების შესაძლებლობის გარეშე დატოვეს», - აღნიშნულია მოხსენებაში.
მაჩალიკაშვილისა და მუხთარლის საქმეები
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ საქმეების ფარგლებში წარმართულმა გამოძიებებმა ხელშესახები შედეგები ვერ მოიტანა, - ნათქვამია დოკუმენტში.«ვერა და ვერ დასრულდა 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სუს-ის თანამრომელთა მიერ მოკლული 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. მოკლულის ნათესავებმა დაზარალებულის სტატუსი ვერ მიიღეს, რის გამოც საქმის მასალებს ვერ ეცნობოდნენ. მათი არგუმენტები ოფიციალური ვერსიის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, თემირლანმა დაკავებისას ხელყუმბარის აფეთქება სცადა, არ იქნა გათვალისწინებული” – ნათქვამია დოკუმენტში.
“2017 წელს სავარაუდოდ, ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ აზერბაიჯანელ გამომძიებელ-ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანში იძულებითი დაბრუნების საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა, თუმცა ვერანაირ კონკრეტულ დასკვნებამდე ვერ მივიდა. მუხთარლი, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის გაყალბებული ბრალდებებით გაასამართლეს, აზერბაიჯანულ საპყრობილეში რჩებოდა», - აღნიშნულია მოხსენებაში.
• მედიის თავისუფლება, ლგბტ თემის უფლებები, შრომის უსაფრთხოება – სრული მოხსენება ხემისაწვდომია Anmnesty International-ის ვებ-გვერდზე.


