ლავროვმა ზურაბიშვილს ტონი დაუწუნა და ანტიტერორისტული ცენტრი შეახსენა
21/04/2020 10:55:53 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყუარდღებით უსმენს საქართველოს ხელმძღვანელობის, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის “საკმაოდ აგრესიულ და მკვეთრ” განცხადებებს.
«ამ დღეებში მან [სალომე ზურაბიშვილმა] საკმაოდ აგრესიულად და მკვეთრად მოიხსენია რუსეთის ფედერაცია, ჩვენი მიზნები რეგიონში. უდავოდ, მსგავსი აგრესიული განცხადებები ხელს არ უწყობს საზოგადოებრივ აზრში სწორი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას», - განაცხადა ლავროვმა გორჩაკოვის ფონდის ეგიდით გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.
ამასთან, მან 2005 წელს ზურაბიშვილთან მიღწეული შეთანხმება გაიხსენა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე და ამ კონტექსტში ორმხრივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ახსენა.
«როდესაც იგი [სალომე ზურაბიშვილი] საფრანგეთიდან [საქართველოში] გადმოვიდა საცხოვრებლად და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, იგი მოსკოვში იყო ჩამოსული, მე კი - თბილისში. სწორედ მასთან დავასრულეთ წარმატებულად მოლაპარეკებები საქართველოდან ორი დარჩენილი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე. შემდგომში ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტებმა პუტინმა და სააკაშვილმაც. გავიხსენებ ერთ საინტერესო მომენტს, რომელიც აჩვენებს, რამდენად შეუძლიათ მხარეებს შეთანხმება და რამდენად დაინტერესებულები იყვნენ იმხანად კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.. ამ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა ორმხრივი თანხმობა, ერთ-ერთი ხსენებული ბაზის ტერიტორიაზე, ან მახლობლად შექმნილიყო ორმხრივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელშიც სამი ათეული რუსი და 200-მდე ქართველი სპეციალისტი იმუშავებდა. ეს ჩვენი პარტნიორობის სიმბოლო იყო: ჩვენ გაგვყავს ბაზები, რომლებმაც ყოველგვარი აქტუალობა დაკარგა ორმხრივი ურთიერთობისთვის, მაგრამ ვინაიდან ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია (იქ პანკისის ხეობაა და ზოგადადაც, რეგიონში სიმშვიდე არ იყო) – ჩვენ შევთანხმდით, ჩამოგვეყალიბებინა მსგავსი ცენტრი. ხელი მოვაწერეთ, ბაზები გავიყვანეთ, ქართულმა მხარემ კი უბრალოდ უარი თქვა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, მსგავსი ცენტრი შეგვექმნა. ვფიქრობ, მაშინ რომ მიღწეული შეთანხმებების მიმართ მეტი პატივისცემა ყოფილიყო გამოჩენილი, ეს შემდგომი მოვლენების განვითარებას შეცვლიდა.ეს იქნებოდა ჟესტი ურთიერთნდობის ჩამოსაყალიბებლად, ასევე თანამშრომლობისთვის ძალზე სენსიტიურ სფეროში. ეს ყოველთვის ეხმარება დაახლოებას», - განაცხადა ლავროვმა.


