
მოსკოვი მზადაა, თბილისთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხზე იმსჯელოს
21/04/2020 10:57:07 პოლიტიკა
რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხზე იმსჯელოს. თუკი თბილისიდან მსგავსი წინადადება წამოვა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა გორჩაკოვის ფონდის ეგიდით გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განაცხადა.
გარდა ამისა, მან კვლავ გამოთქვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზაობა:
"მზად ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. ჩვენ მათი შეწყვეტის ინიციატორები არ ვყოფილვართ. ალბათ, უნდა დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ქართველი კოლეგები ამ საკითხამდე მივლენ. სავაჭრო წარმომადგენლობები ასევე გულისხმობს გარკვეული შეთანხმებების არსებობას. არა მგონია, ამან ერთბაშად მოიტანოს რაღაც უპირატესობები, თუმცა თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ უდავოდ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას. ვიზიარებ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებაში დაინტერესებას და ეს მაქსიმალურად ფართოდ, ორი ქვეყნისა და ხალხისათვის მაქსიმალური სარგებლით უნდა გაკეთდეს. უნდა არსებობდეს სრულყოფილი საელჩო, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გადაწყვეტილება, კულტურული კავშირები უფრო ოპერატიულად და ეფექტურად უნდა ხორციელდებოდეს".
ცნობისთვის: საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი 2008 წლის 2 სექტემბერს, მოსკოვის მიერ ცხინვალისა და სოხუმის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.