„ევროპული საქართველო“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს
21/04/2020 12:15:53 პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხის განხილვისას პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ითხოვს.
როგორც 21 აპრილს პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ამ გადაწყვეტილების წარსადგენად პარლამენტში მივიდეს თავად პრემიერ-მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი.
„აუცილებელია პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში“, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე მედიებისთვის დაგზავნილ ვიდეოგანცხადებაში.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს დეპუტატებისა და საზოგადოების ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: როგორ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა; გამოსწორდება თუ არა ხარვეზები, რომლებიც უკვე გამოჩნდა და არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა.
საქართველოში 21 აპრილს იწურება COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გასაგრძელებლად. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობისგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების უპირობოდ მხარდაჭერას არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები. ოპოზიცია მთავრობისგან მოითხოვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას.


