"ყველაფერი კეთდება, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და არჩევნებზე გავლენა არ იქონიოს"
22/04/2020 09:16:34 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებასა და საარჩევნო კალენდარზე გავლენა არ იქონიოს.
აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, სხვა ქვეყნებს შევხედოთ, მინიმალურად შეეხო ადამიანის უფლებებს, კერძოდ გადაადგილებისა და შეკრების უფლებას, ასევე ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკრატიულ სვლაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და ამავე დროს სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი ყველას ნამდვილი გამარჯვება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას ითხოვს, პრეზიდენტმა წინადადებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, პრეზიდენტის დეკრეტი 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.


