
"საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე"
23/04/2020 05:42:21 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მლნ ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"მადლობა ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მლნ ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის", - წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის: ევროკომისიამ მიიღო წინადადება ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. წინადადება ემატება ევროპის გუნდის ‘Team Europe’ მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საიმედო და მიზნობრივ რეაგირებას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭერად. ევროკომიიის ინფორმაციით, ეს არის ამ ქვეყნებთან ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირება უპრეცედენტო კრიზისის დროს.