
ევროპის საბჭოს ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“: „წნელისის საგუშაგოს განთავსების შემდეგ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია“
24/04/2020 10:39:03 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭომ ახალი კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ გამოაქვეყნა. ანგარიშს ტრადიციულად განიხილავს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, რომლის სხდომა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ამჯერად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატით ჩატარდა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რიგით 21-ე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით და აღწერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
ანგარიშის თანახმად, „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, კერძოდ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ჩორჩანა-წნელისის მხარეში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებიდან გამომდინარე“.
დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებისა და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხების გამო.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება
21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, ძირითად უფლებებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით არსებულმა შეზღუდვებმა რეგიონში დაუცველობისა და გაურკვევლობის შეგრძნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ კუთხით, ევროპის საბჭომ გალის რაიონის ეთნიკური ქართული მოსახლეობა გამოყო, როგორც „ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი“.
დოკუმენტი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კვლავაც ვერ ხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლება გალში. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი კვლავაც ფუნქციონირებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობაზე „ბორდერიზაციის“ „მავნე ზემოქმედების“ საკითხის დაყენება რეგულარულად ხდებოდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა, რასაც 14 მარტს ენგურის ხიდის სრული ჩაკეტვა მოჰყვა.
ანგარიშის თანახმად, თავისუფალი გადაადგილებისთვის მთავარ დაბრკოლებად ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციის არარსებობა რჩება.
„ყველა ეს ზომა ადგილობრივებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანების ძირითად უფლებებსა და მომსახურებებზე წვდომას უზღუდავს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება გალის ოკუპირებული რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღებას, ანგარიშის მიხედვით, ამ კუთხით, საანგარიშო პერიოდში, რაიმე პროგრესი არ შეინიშნებოდა.
ანგარიშში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომაზეცაა საუბარი, რასაც წინ რეგიონში საპროტესტო აქციები უძღოდა. „ხაჯიმბას გადადგომას ახალი „არჩევნები“ 22 მარტს მოჰყვა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო, როგორც არალეგიტიმური“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია გამყოფის ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერგნეთში დეესკალაციისკენ მიმართული 7 ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
ანგარიშის თანახმად, ე.წ. გამშვები პუნქტები, მათ შორის ოძისი/მოსაბრუნის მთავარი გამშვები პუნქტი, „მძიმე ჰუმანიტარული შემთხვევების“ მიუხედავად [დე ფაქტო ხელისუფლების მიერ] უსაფრთხოების მოტივით დაკეტილი რჩებოდა. აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თებერვლის ბოლოს მთელი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი ჩაიკეტა.
ანგარიშში ასევე საუბარია ცხინვალის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი აფთიაქებიდან ქართული წარწერების მქონე სამედიცინო პრეპარატების ამოღებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამგვარმა პრაქტიკამ, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვასთან ერთად, წამლისა და სხვა საშუალებების დეფიციტი შექმნა, რამაც ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება გამოხატეს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის გამო და ქალის გარდაცვალებას კი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივების თვითნებურ დაკავებებზე. დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო სასაზღვრო ზოლის გადაკვეთის მცდელობისთვის, საანგარიშო პერიოდში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებულია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რასაც სერიოზული შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ახალგორში დარჩენილი ბოლო ექვსი ქართული სკოლა აიძულეს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებულ სწავლების სტანდარტებზე გადასულიყო და პირველიდან მეოთხე კლასამდე სწავლების ენად რუსული შემოეღოთ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა „ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას“ უზრუნველყოფდა. ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სააგენტო შექმნა, რომელსაც დევნილთა და ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება დაევალა. „ამ სააგენტოს ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკითხს პრიორიტეტულად მიიჩნევს“, – ნათქვამია ანგარიშში.