
"არ შეიძლება, სააკაშვილთან პირად შუღლს ქვეყნის ინტერესები გადააყოლო"
25/04/2020 08:33:19 საშინაო პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.
"პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მითუმეტეს ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია. არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. არც ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და მათ შორის არც ყოფილმა პრეზიდენტმა არ უნდა აქციონ უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის, განხილვის და მით უმეტეს დაპირისპირების თემად”, - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშნვა მთავრობებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას ჩრდილს მიაყენებს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.