
ქართველი დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს მისი დაზიანებების ამსახველ ფოტო–ვიდეო მასალას უგზავნის
25/04/2020 18:21:23 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვასთნ დაკავშირებით წერილით მიმართა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფომაციის თანახმად, გელაშვლი უკრაინელ დეპუტატებს წერს, რომ ვიდრე 30 აპრილს სააკაშვილის დანიშნვასთნ დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის უყრიან კენჭს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.
ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილია ორივე სისხლის სამართლის საქმეზე , რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად ვალერი გელაშვილს და მის ოჯახს ეხება.
"მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომლისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა! მომიგზავნა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს", - წერს გელაშვილი და წერილს თან ურთავს იმ დაზიანებების ამსახველ ფოტო–ვიდეო მასალას, რომელმაც იმჟამად პრესაში გავრცელდა.
ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილმა ესეც არ აკმარა და გამოგონილი მიზეზით, დეპუტატის მანდატი ჩამოართვა და პოლიტიკური საქმიანობა პრაქტიკულად აუკრძალა. იგი ასევე ამბობს, რომ მისი ისტორია, "სამწუხაროდ, არ არის გამონაკლისი და ის იმ ათობით ათას ქართველს მიეკუთვნება, ვისაც ჯალათმა სააკაშვილმა და მისმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა მმართველობამ არნახული ტერორი გამოატარა. არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა ათასობით ოჯახი, ბიზნესი და ქონება წაართვა პრაქტიკულად ყველას, ვინც მას არ შეეკრა. საქართველოს ციხეები გადაავსო ნაწამები პატიმრებით".
წერილში ნათქვამია, რომ "ამ საქმეების გარდა სააკაშვილი იმხილება უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებში, იგი ოფიციალურად არის ბრალდებული 8 მილიონზე მეტი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში".
"უკანასკნელ წლებში ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირადად ჩემს, ისე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა, მერწმუნეთ, არსებობს ჭრილობები, რომლებიც არასდროს ხორცდება, ჭრილობები, რომელიც სააკაშვილმა პირადად მე და ჩვენს ქვეყანას მიაყენა. დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ მიაყენებთ უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს იმავე ჭრილობებს, ნუ აკადრებთ საკუთარ სამშობლოს ამ შეშლილ კრიმინალს მთავრობის ვიცე-პრემიერად", - წერს ვალერი გელაშვილი.
იგი უკრაინელ კოლეგებს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს.
"გაიხსენეთ ის არჩევნები, რომლის შედეგებითაც გახდით რადას წევრები, თქვენ ხომ რადაში აგირჩიათ და მანდატი მოგცათ იმ ხალხმა, რომლის წინაშე წარდგომა სააკაშვილმა, ნულოვანი რეიტინგის გამო, ვერც გაბედა და სწორადაც ვერ გაბედა, რადგან იმავე ხალხმა სააკაშვილის პარტიისთვის 0,4% პროცენტზე მეტი არ გაიმეტა? მაშ რატომ იმეტებთ ამ ხალხს სააკაშვილისთვის?
გულწრფელი პატივისცემით, ვალერი გელაშვილი", – წერს გელაშვილი.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.