
"მეგობრის ვალია, შევახსენოთ უკრაინელ მეგობრებს, რას ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა"
25/04/2020 18:52:02 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მმართველი გუნდის ვალია, შეახსენოს უკრაინას, რას ნიშნავს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა.
"ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია, შევახსენოთ უკრაინელ მეგობრებს, რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ის ნიშნავდეს უკრაინისთვის. შევახსენებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმას, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ - დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების 20 %–ის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომოანია "იმედის" ეთერში.
მისივე განცხადებით, უკრაინელ დეპუტატებს ექს–პრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია პირადადაც მიაწოდა:
"მეც მქონდა პირადად კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, მე მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დეპუტატთან, მათ შორის მათთან, ვინც საპარლამენტო ასამბლეებში არიან წარმოდგენილი და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.