Accentnews.ge
მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე:"უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი"

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე:"უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი"

26/04/2020 19:14:53 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და გადამდგარიყო.

ამის შესახებ მერაბიშვილმა "მთავარის" ეთერში ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა ეს საქმე არის დიდი ტრაგედია მისი [სანდრო გირგვლიანის] ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მისთვის. ეს იქცა პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის - პრობლემად და მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე, როგორც მინიმუმ ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი" - განაცხადა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას: - რატომ არ გადადექით?, მერაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:"ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა, ჩემს მიერაც, ჩვენს ჯგუფშიც. პოლიტიკური ხელმძღვანელობა იხილავდა. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდა, როგორც გადაწყდა. თუმცა უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის ჩემი გადადგომა იქნებოდა უკეთესი.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ექს–მინისტმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე მიდმინარე წლის 20 თებერვალს დატოვა.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის - 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 წლითა და 9 თვით აღკვეთა შეუფარდეს.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა მიმდინარეობს. მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S