„უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია მოტივირებულია პოლიტიკური და არა ქვეყნის ინტერესებით“
28/04/2020 10:19:07 პოლიტიკა
“რესპუბლიკური პარტიის” განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.
“რესპუბლიკელები” მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები უკრაინის შიდაპოლიტიკურ, საკადრო ადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ორი ერის მტკიცე მეგობრობას.
“ჩვენთვის დაუვიწყარია ის მხარდაჭერა, რაც უკრაინამ გამოავლინა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე – ჩვენი ქვეყნის არჩევანის აღიარება. ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები ოკუპირებულია საერთო მტრის – რუსეთის მიერ. ჩვენი სახელმწიფოების რეალობაში კონფლიქტებით შექმნილი პრობლემების გადაჭრა ურთულეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რასაც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული თანამშრობლობითა და ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება დავუპირისპირდეთ. ჩვენი თანამშრომლობა ბევრად ინტენსიური უნდა გახდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სცენაზე”, – ნათქვამია “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში.
“რესპუბლიკური პარტიის” აზრით, მიუხედავად “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული განცხადებებისა, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ პარტნიორობას დაბრკოლება არ შეექმნება.
“რესპუბლიკური პარტიის” გარდა, განცხადება გაავრცელეს “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რომელთა აზრითაც, საქართველოს ხელისუფლების ვიწროპარტიული ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. უკაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით რადაში ზელენსკის პარტიის ფრაქციის შიგნით კონსენსუსი არ არის. სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა ნეგატიურად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებაში და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრნენ.


