"ჩვენი გეგმა 6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს"
29/04/2020 12:25:13 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს იმაზე ნაკლებ თანხას აძლევს, ვიდრე ეს საარსებო მინიმუმია.
"ჩვენი გეგმა 6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს.სად მიდის ეს 6 მილიარდი? პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, უხელფასოდ და უმუშევრად დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანის დასახმარებლად. ხელისუფლება მათ 6 თვის განმავლობაში 200 ლარს ჰპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მარტში საარსებო მინიმუმი 206 ლარია, ანუ საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს იმაზე ნაკლებ თანხას აძლევს, ვიდრე ეს საარსებო მინიმუმია“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, დღეს უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები საშუალო კლასს წარმოადგენენ და თუ ხელისუფლება მათ მხოლოდ საარსებო მინიმუმით დაეხმარება, ეს ნიშნავს, რომ საშუალო კლასი სოციალურად დაუცველი ადამიანების კატეგორიაში იქნება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში აღარ იარსებს საშუალო კლასი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა დგას. ქვეყანაში გვეყოლება ძალიან ცოტა მდიდარი ადამიანი და ძალიან ბევრი ღარიბი. აღარ იქნება საყრდენი, რომელზეც ქვეყნის სტაბილურობა დგას. ამიტომ, ჩვენი ხედვით, 8 თვის განმავლობაში ხელფასის ან დანაკლისის 50% უნდა აუნაზღაურდეთ ამ ადამიანებს, რათა ამით საშუალო კლასი გადავარჩინოთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.


