ჯანმო-ს სპეცელჩი – საზღვრების გახსნაზე: "ვირუსი არის და დარჩება"

30-04-2020 18:01:52 ინტერვიუ

ევროპის სახელმწიფოები საკარანტინო შეზღუდვებს ასუსტებენ. გასულ კვირას ჩეხეთში საერთო ეროვნული კარანტინი გააუქმეს და მოქალაქეებს უცხოეთში გასვლის ნება დართეს. ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სასაზღვრო კონტროლის შემსუბუქების საკითხზე მოლაპარაკებებს შეუდგნენ. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მცხოვრებ ფერმერებს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩარტერული რეისებით გასტარბაიტერები შეჰყავთ მოსავლის ასაღებად. ევროპა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) პანდემიის კლების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მთავრობები გააფრთხილა და აცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში ავადობის მაჩვენებლები პლატოზე გავიდა ან კლებას აჩვენებს, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სსრკ-ის რიგ სახელმწიფოებში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში შემაშფოთებელი მზარდი ტრენდები ფიქსირდება. ევროკომისიამ კი ევროკავშირის ქვეყნებს კარანტინიდან გასვლის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელების რეკომენდაცია მისცა და ურჩია, გადაადგილების შეზღუდვები (საწყის ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში) ჯერ ვირუსის შედარებით დაბალი ცირკულაციის მქონე რაიონებს შორის მოიხსნას.

ნაადრევი ხომ არ არის ფიქრი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებაზე? - ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ჯანმო-ს სპეცელჩს ევროპაში, ლიეტუვას ჯანდაცვის ექს-მინისტრს, ყოფილ ევროკომისარს ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ვიტიანის ანდრიუკაიტისს ესაუბრა, რომელიც ახალ თანამდებობაზე საქმიანობას მიმდინარე წლის მარტში შეუდგა.

- რას ფიქრობთ რიგი ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, კარანტინის პირობები შეარბილონ და გაიხსნან?

– COVID-19 ევროპისთვის პირველი პანდემია არ არის. ჩვენ უკვე გამოგვიცდია ე.წ. ღორის აფრიკული ცხელება, ე.წ. ქათმის გრიპი… ევროკომისიაში 5-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მომიწია შეხება ებოლას ცხელების სერიოზულ ეპიდემიასთან აფრიკის სახელმწიფოებში, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ევროკავშირის სამხრეთ ნაწილს, ასევე ზიკას ცხელებასთან, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში საფრანგეთისა და ნიდერლანდების კუთვნილი მნიშვნელოვანი ტერიტორიები მოიცვა. საზღვრების გახსნის საკითხში უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ მკაფიო ერთობლივ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ინფექციონისტებისა და ვირუსოლოგების ანალიზს.

სწორედ ეს ამოცანაა ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რადგან ეპიდემიოლოგიური სურათი ძალზე ჭრელია, ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ დატვირთვას განიცდის, ექიმები გადატვირთულები არიან. რა თქმა უნდა, თითოეულმა ქვეყანამ ეკონომიკა მისი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა გახსნას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სივრცეში ერთიანი ბაზრისა და რეგულირების ერთიანი მექანიზმების ქონის პირობებში კონტაქტები ძალზე ინტენსიურია. ევროკავშირმა უნდა იფუნქციონიროს, როგორც საერთაშორისო კონსორციუმმა.

– ე.წ. ღორის ჭირის პანზოოტია ახსენეთ. მან თვალნათლივ აჩვენა, რა ეფექტი შეიძლება, გამოიწვიოს ინფექციის გავრცელებამ საერთაშორისო ვაჭრობაში. გვახსოვს, რომ რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან ღორის ხორცის იმპორტი აკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს მხოლოდ ცალკეული რეგიონები ჰქონდა მოცული.

– COVID-19-ის ამჟამინდელ პანდემიასაც ზოონოზური ფესვები აქვს. მსგავსი ინფექციების გავრცელებისას ეპიდემიოლოგიური დაცვის, ჰიგიენისა და სანიტარიის საერთაშორისო სტანდარტები იმავე ლოგიკასა და შეთანხმებებს ეფუძნება, რომლებიც ჯანმო-სა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზეა დამტკიცებული. ზოონოზები უსაფრთხოების ძალზე მკაცრ ზომებს, ძალზე მკაცრ კარანტინს, ინფორმაციის გაცვლის ძალზე გამჭვირვალე სისტემას, მაღალ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და ინფიცირებულ ზონებში ძალზე მკაცრად რეგულირებად ეკონომიკურ აქტივობას მოითხოვს. აქ საკვანძო სიტყვა რეგიონალიზაციაა: კარანტინი წესდება მხოლოდ იმ სფეროებსა და ზონებში, სადაც ინფიცირების წყაროა დადგენილი. თუ ქვეყნის დანაჩენი ნაწილი თავისუფალია ინფექციისგან, იქიდან პროდუქციის ექსპორტირება შესაძლებელია, რადგან იგი უსაფრთხოა.

ე.წ. ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევაში რუსეთი რეგიონალიზაციის პრინციპს არღვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი ჰქონდა ევროკავშირთან შესაბამისი შეთანხმება და ევროკავშირმა მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავა მოუგო. COVID-19-ის შემთხვევაში მრავალ ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა) სწორედ რეგიონული კარანტიები შემოიღეს. ჩინეთმაც კარანტინი არა მთელს ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დააწესა. ვინაიდან ვაქცინა ამ დრომდე არ გვაქვს, ინფექციის გავრცელების აღკვეთის ერთადერთი საშუალება ბიოდაცვითი ღონისძიებებია.

– ანუ, საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმისთვის საზღვრების გახსნამდე ქვეყნებმა ყველაზე მეტად ინფიცირებული რეგიონები კარანტინზე უნდა ჩაკეტონ?

– მოდით, ჯერ ტერმინოლოგიაში გავერკვეთ. ეს აუცილებელია, რადგან სხვადასხვა სახელმწიფოები ძალზე განსხვავებულ ზომებს მიმართავდნენ საკუთარ მონაცემებზე, საკუთარ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ გათვლებსა და სიმძლავრეებზე დაყრდნობით და ირჩევდნენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ყველაზე უფრო აღქმადი იყო მათ საზოგადოებებში. აქ კულტურულ ფაქტორებს ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები შვედეთში და სამხრეთის სახელმწიფოებში სხვადასხვაგვარად იქცევიან, ეს კი ვირუსის გავრცელებაზე აისახება. ასე, რომ ზუსტი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მქონე კონკრეტულ ტერიტორიებზე შეზღუდვების შემოღებისას შესაძლოა, დაწესდეს უფრო კაცრი წესები ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც. მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია, საზოგადოებრივი კონტაქტის ახალი წესების დანერგვა – აღარ ჩამოვართვათ ხელი, გავამკაცროთ პირადი ჰიგიენა, ვატაროთ ნიღბები და ა.შ. ეს ვირუსის გავრცელების აღკვეთას უწყობს ხელს, მაგრამ ეს ჯერ კარანტინი არ არის.

საკარანტინე ღონისძიებებს ზუსტი ტექნიკური ხასიათი აქვს, ეს არის ღონისძიებათა მოცულობითი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ კერაზეა მიმართული. კარანტინების ზონირება და რეგლამენტების დაწესება ასევე სხვადასხვაგვარად ხდება. ევროპაში იგივე ღორის ჭირის გავრცელების დროს გვიწევდა წითელი ზონების შემოღება კონტროლის უმაღლესი დონითა და ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის მკაცრი აკრძალვით. შემდეგ არის ყვითელი ზონა, ლურჯი და ბოლოს მწვანე, რომელშიც დაშვებულია თავისუფალი ეკონომიკური აქტივობა. ეს დონეები მკაფიოდ განიმარტება ტერიტორიის, ობიექტების და ინფიცირების დონის მიხედვით და გადაწყვეტილების მიღება აქ სპეციალისტების საქმეა.

ლიეტუვაში, მაგალითად, COVID-19-ის კერის იზოლირება მოახდინეს ნემენჩინაში (15-25 აპრილს ეს პატარა ქალაქი მკაცრ კარანტინზე დაიხურა). იქ გამართულად იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა, ვირუსოლოგებმა და ინფეციონისტებმა, ასევე შიდა უსაფრთხოების სამსახურებმა, პოლიციამ.

– რით შეიძლება, აიხსნას ინფიცირების უფრო დაბალი დონე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპასთან შედარებით?

– ეს საკითხი ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ტურისტული და ეკონომიკური ცხოვრების ინტენსივობასთან. ავიღოთ იტალია: ეს ძალზე გახსნილი და გადატვირთული რეგიონია. ტურისტების მილიონიანი ნაკადები მთელი მსოფლიოდან გაემართნენ იტალიაში საახალწლო შვებულებების პერიოდში და მოგვიანებითაც. რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა ეპიდემიოლოგიურ სურთს ქმნის, ვიდრე ლიეტუვაში, რომელიც მსგავს ტურისტულ დატვირთვას არ განიცდის. გლობალიზაციის ეპოქაში ტურისტული ინდუსტრია მძლავრ და მკაფიო ეპიდემიოლოგიურ როლს ასრულებს. ნახეთ, როგორ ვრცელდებოდა შემდეგ ინფექცია ევროპის სხვა ქვეყნებში: საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, სკანდინავიის სახელმწიფოებში იგი ალპური კურორტებიდან სათხილამურო სპორტის მოყვარულებმა გაავრცელეს. თანაც საუბარია სწორედაც რომ მდიდარ ქვეყნებზე, რომელთა მაცხოვრებლები ამ რეგიონებში ჩადიოდნენ და ძალიან ინტენსიურად ხარჯავდნენ თანხებს ძვირადღირებულ მომსახურებაში. აზიიდან, კერძოდ ჩინეთიდან მიგრანტებისა და მდიდარი ქვეყნებიდან ტურისტების გადაადგილების ფაქტორი დამახასიათებელია ღია გლობალური ეკონომიკის ეპოქისთვის.

– ანუ, ეს არანაირ კავშირში არ არის ქვეყნების არსურვილთან, ჩაიკეტონ?

– არა, ჩემი აზრით, ეს კომპლექსური პრობლემაა. ებოლას, ზიკას, წითელას ყოველი აფეთქების დროს ჩვენ ვაწარმოებდით რთულ დებატებს ევროკავშირის ქვეყნებთან, როგორი რეაგირება მოგვეხდინა, როდის რა დაგვეწესებინა. ამ ყველაფერს ძალზე დიდი დრო მიაქვს, რადგან ერთვება ბევრი პასუხისმგებელი სტრუქტურა თითოეულ ქვეყანაში: სამინისტროები, სააგენტოები…. ეს მრავალფაქტორული, მრავალშრიანი პრობლემაა და საქმე იმაში არ არის, რომ ქვეყნებს ჩაკეტვა ან გახსნა სურთ, თუმცა გვერდიდან ეს შეიძლება, არსურვილად გამოყურებოდეს.

–მაგრამ აი, ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ თებრვლის ბოლოს შემოიღო, ისე, რომ პირველ ინფიცირებულს არ დაჰლოდებია, მარტის შუა რიცხვებში საზღვრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, კაფეები და არასასურსათო მაღაზიები დაკეტა, შვედეთში კი ხალხი მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრებით ტკბობას აგრძელებდა – რა თქმა უნდა, ისინი მყავს მხედველობაში, ვინც არ დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ....

– როდესაც მეტ-ნაკლებად სერიოზული გლობალური კრიზისი დგება, ევროპას მოქმედებათა კოორდინაცია და პრობლემის გადაჭრისადმი მიდგომების ჰარმონიზაცია უჭირს. თქვენ ალბათ, გახსოვთ 2015 წლის სამიგრაცუო კრიზისი. ევროკომისიას მაშინ საშინლად რთულ პირობებში მოუწია მუშაობა, რადგან საბერძნეთი და იტალია გიგანტურ დაძაბულობას განიცდიდნენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს კი ეს არ ესმოდათ. მერე კი, როცა დევნილები მათ ტერიტორიებზეც გაჩნდნენ, ყოველი ქვეყანა საზღვრებს კეტავდა ისე, როგორც თავად აწყობდა. ამან საზღვრებზე უზარმაზარი პრობლემები წარმოშვა, შენგენის სივრცემ უდიდესი ცვლილებები განიცადა და რამდენიმე თვე დაგვჭირდა საიმისოდ, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებებისთვის მიგვეღწია. ცხადი გახდა, რომ ევროპის სახელმწიფოებს სოლიდარობა არ ჰყოფნით.

ამჟამინდელ ვითარებაში ყველაზე გონივრული იქნებოდა, ევროკავშირის სხვადასხვა რეგიონების შიგნით მოქმედებათა კოორდინაციაზე შეთანხმებულიყვნენ. მაგალითად, ბალტიის ზღვის ირგვლივ მდებარე ქვეყნებს პოლიტიკის კონსოლიდირება და ბევრი საკითხის ერთობლივად გადაჭრა გადაეწყვიტათ, საზღვრებზე იმ უმსგავსობის გარეშე, რომელიც ხდებოდა მარტში, როცა მათი ჩაკეტვა დაიწყეს: საზღვრებზე რომ სურსათის გადაზიდვის პრობლემა წარმოიშვას, ეს უდიდეს ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.

- ტურიზმის გარდა, არსებობს შრომითი მიგრაციის პრობლემა, რომელიც კარგადაა ცნობილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის არაერთი სახელმწიფოსთვის. უკვე დღეს ბევრი ლიტველი, პოლონელი, უკრაინელი, რუმინელი ავიამიმოსვლის აღდგენის მოლოდინშია, რათა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სამსახურს დაუბრუნდეს...

– სოციალური დემპინგი – ეს ძველი პრობლემაა და საზღვრების გახსნის შემდეგ იგი არ მოიხნსება. მაგრამ Covid-19-ის პანდემიის დროს საქმე იმით რთულდება, რომ არსებობს სამუშაო ხელის დეფიციტი ჯანდაცვის სფეროში, კარანტინში სხედან ექიმები და მედდები. დავამატებდი, რომ მიუხედავად მაჩვენებლების ამჟამინდელი კლებისა, ვირუსი ჩვენს შორის რჩება, არსად გამქრალა და ჯერ-ჯერობით ვერავინ იტყვის, როგორია მისი ეპიდემიოლოგიური ლოგიკა – შესაძლოა, მოხდეს ახალი აფეთქება ან მეორე ტალღა. ამის გათვალისწინებით, მედიკოსებზე მოთხოვნა ყველგან ძალიან მაღალია და ეს პრობლემა უკვე აკაკუნებს არა მარტო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, არამედ ფინეთის კარზეც კი, სადაც საშუალო და პირველადი რგოლების პერსონალის უკმარისობა შეიმჩნევა. კარანტინების მსგავსი გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება, გამოჩნდეს ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთშიც.

– ამასთან, ისინი, ვინც სამუშაოდ დასავლეთში გაემგზავრნენ, უფრო ინფიცირებულ ქვეყნებში მიდიან…

– დიახ, ახლა ვითარება მარტივი არ იქნება, რადგან ვირუსი არის და დარჩება ყველა ქვეყანაში. შესაძლოა, ამან ფსიქოლოგიური ბარიერის როლი შეასრულოს მათთვის, ვინც წასვლას ფიქრობს. თუმცა განვმეორდები: ინფექციის ახალი აფეთქებებისა და პანდემიის მეორე ტალღის რისკი ნარჩუნდება, ამიტომაც შეზღუდვები შესძლოა, ისევ შემოიღონ. ვაქცინის არარსებობის პირობებში მხოლოდ ბიოდაცვის ზომებმა შეიძლება, დაიცვას საზოგადოება სიკვდილიანობისგან, ადამიანური დანაკარგებისგან.

– ე.წ. კოვიდ-დისიდენტებს შორის – ანუ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი სოციალური შეზღუდვების შემოღებაზე უარი განაცხადეს, როგორც წესი, შვედეთსაც ასახელებენ და ბელარუსსაც. რამდენად შესაძლებელია მათი შედარება?

– უკაცრავად და ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ ტერმინსა და შედარებებს. შვედეთსა და ბელარუსში სტატისტიკისადმი ნდობისა და ტრანსპარენტულობის შესადარებლად ძალიან მდიდარი ფანტაზიაა საჭირო! მიმუშავია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავის დროზე ე.წ. ღორის ჭირი იყო დაფიქსირებული და უკვე მაშინ გვიჭირდა ბელარუსთან თანამშრომლობა. შეუძლებელია ვირუსის გავრცელების პრობლემის გადაჭრა, თუ ვერ ვთანხმდებით ერთობლივ ზომებზე, რადგან ტახებს ხომ მოქალაქეობა, პასპორტი არ აქვთ და საზღვრებს ყველაფრის მიუხედავად კვეთენ – ეს მნიშვნელოვანი იყო ღორის ჭირის შემთხვევაში. ვირუსის გავრცელება სწორედ უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის გავლით ხდებოდა ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფოებში. მაგრამ ბელარუსი აცხადებდა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ჰქონდა! დიალოგის გზების ძიება ამ ვითარებაში ერთადერთი გზაა. ორგზის ვიყავი ჩასული მინსკში, ადგილზე ვარკვევდი არსებულ ვითარებას და გვესმოდა, რატომ იყო იქ ისეთი სტატისტიკა. პანდემიასთან ბრძოლაში ტრანსპარენტულობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და არაკორექტულია შვედეთის შედარება ქვეყნებთან, სადაც რეალური სტატუსტიკური მონაცემების განსაჯაროება კონკრეტული ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები