არახამია: „სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში სხვა ფორმატით იმუშავებს“
30/04/2020 14:04:25 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში „სხვა ფორმატით“ იმუშავებს.
როგორც არახამია აცხადებს, „სააკაშვილი რამდენიმე დღის მანძილზე პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს მართავდა და მათ სხვა ფორმატი მოიძიეს, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ -ეს ახალი პოზიციაა“.
მას პოზიცია არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთნის, სააკაშვილთან კონსულტაცია შედგა და საზოგადოებას ამის შესახებ ახლო მომავალში, შესაძლოა, დღესვე, ეცნობება.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად კი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია. მედიისვე ცნობით, სააკაშვილს, შესაძლოა, რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შესთავაზონ.


