პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელჩის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
01/05/2020 14:12:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში თავისი რეკომენდაციით დანიშნულ ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებდეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


