
ამირან გამყრელიძე მარია ზახაროვას პასუხობს
01/05/2020 14:35:54 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილაური წარმომადგენლის მარია ზახაროვას დღევანდელ კომენტარს "პროვოკაციულ განცხადებად" აფასებს.
მისივე თქმით, "საჭიროების მიხედვით, პერიოდულად, ლუგარის ლაბორატორიის მისამართით მსგავსი სახის განცხადებები კრემლისგან ხშირად ისმის":
„მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ახალი არ არის ჩვენთვის. როდესაც გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით მათ ეს სჭირდებათ პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მიზნით, მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ, მთავარი ბრალდება, რომ საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს. ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებების. მე არ ვიცი ამაში როგორი შურია, თეთრი, შავი, რუხი, თუ რაღაცა, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ „უფროსი ძმის“, განცხადება, რომელიც განაწყენებულია, საქართველომ რატომ აირჩია ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა. აი, ამასთან არის დაკავშირებული ეს განცხადებები და ბრალდება ლუგარის ლაბორატორიაზე“.
ამასთან, გამყრელიძემ აშშ–ის ხელმძღვანელობასა და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა:
"ქალბატონმა ელჩმა გააკეთა განცხადება და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მოგეხსენებათ, საელჩო წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც უწევს უზარმაზარ დახმარებას ჩვენს ქვეყანას. მან გააკეთა სწორედ ის განცხადება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ამერიკის წამყვან ინსტიტუციებთან ჯანდაცვის დარგში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტთან. სწორედ მათი მხარდაჭერით არის საქართველოში გამართული ეს სისტემა. კიდევ ერთხელ, მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ ისინი გვერდში უდგანან ქვეყანას და განსაკუთრებით, ყოველთვის კრიზისულ სიტუაციებში“.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დღეს შეშფოთება საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმაც გამოთქვა:
"ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“.
ცნობისთვის: დღევანდელ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა".
თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.
რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".