Accentnews.ge
კასპის საკრებულოში ჟურნალისტებს დოკუმენტები მოსთხოვეს, რომ ისინი კოვიდ–19–ით არ არიან ინფიცირებულები

კასპის საკრებულოში ჟურნალისტებს დოკუმენტები მოსთხოვეს, რომ ისინი კოვიდ–19–ით არ არიან ინფიცირებულები

04/05/2020 09:37:30 პოლიტიკა

კასპის საკრებულოს შენობაში დღეს ჟურნალისტებს შესვლის და სხდომის გაშუქების უფლება არ მისცეს. მათ დაცვამ მოსთხოვა სამედიცინო ცნობა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით არ არიან ინფიცირებულები. გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოსთან მისული ჟურნალისტებისთვის დღეს გახდა ცნობილი, თუმცა მისი საფუძვლები ოფიციალურად უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტირება ქვეყანაში მიზნობრივ ჯგუფებს უტარდებათ. ამ ეტაპზე მათ რიცხვში ჟურნალისტები არ არიან. როგორც 29 აპრილს თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჟურნალისტების ტესტირება დაავადედბის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმის შემუშავების შემდეგ იგეგმება:

„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამოქმედების შემდეგ ესეც იგეგმება".

ამდენად, უცნობია, რის საფუძველზე მიიღეს კასპის საკრებულოში მსგავსი გადაწყვეტილება და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მოქმედებს რიგი შეზღუდვები, თუმცა ეს შეზღუდვები მედიის საქმიანობას არ ეხება, გარდა იმ რეგიონებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. საკარანტინო ზონებში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ადგილობრივი მედია გადაადგილდება.

ცნობისთვის: დღეს კასპის საკრებულოში ოპოზიცია რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავდა, მათ შორის – სარეზერვო ფონდის გაზდა, მოქალაქეების საკვები პროდუქტებით მომარაგება, საბავშვო ბაღების ვაუჩერები.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პროდუქტებით მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით ამარაგებენ, ხოლო ბავშვები ნაცვლად 70– ლარინი გამოყოფილი დახმარებისა, 25–ლარიან პაკეტებს იღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S