
Contrepoints: „საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა გავაუმჯობესოთ“
05/05/2020 05:33:06 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
„საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა გავაუმჯობესოთ პანდემიისადმი ახლანდელი და სამომავლო რეაგირება ორივე ჭრილში - მთავრობის ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოების გულუხვობის გათვალისწინებით”, - წერს გამოცემა Contrepoints სტატიაში სათაურით „ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში?“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, "ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებით დიდი შემოწირულობა თავისუფლად შეიძლება ყურადღებას იქეთ მიმართავდეს, თუ როგორ შეძლო საქართველომ ეპიდემიის ამგვარი მართვა":
"როდესაც ევროპის ქვეყნები ამ მასშტაბის პანდემიას პირველად ებრძვიან უახლეს საუკუნეში, ბევრის მზერა ისეთი ქვეყნებისკენაა მიმართული, როგორიც ტაივანი და სამხრეთ კორეაა, რათა სწრაფად განხორციელდეს ქმედებები 2003 წლის SARS ეპიდემიიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე. თუმცა საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა გავაუმჯობესოთ პანდემიისადმი ახლანდელი და სამომავლო რეაგირება ორივე ჭრილში - მთავრობის ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოების გულუხვობის გათვალისწინებით”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთ საუკეთესო შედეგს იძლევა:
„საქართველოში სიტუაცია იმითაა ყველაზე განსაკუთრებული, რომ მისი ერთი მეზობელი ირანია, რომელსაც ეპიდემიის მსხვილ ცენტრად მოიაზრებენ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ამიტომ ისმის კითხვა: რატომ იქონია საქართველოზე ასეთი მცირე ეფექტი ახალმა კორონავირუსმა? აშკარაა, რომ განხორციელებული ზომების ტემპი იყო გადამწყვეტი. 2020 წლის 22 იანვრის მდგომარეობით ყველა ჩამომსვლელს სხეულის ტემპერატურას უკონტოლებდნენ ქვეყანაში; 28 იანვარს ეპიდემიის ეპიცენტრებიდან - ჩინეთიდან და ირანიდან - ფრენები აიკრძალა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 1 თებერვალს შენგენის ზონის 25 ქვეყანაში - საფრანგეთის გარდა - ვიზების გაცემა შეწყდა ჩინეთის მოქალაქეებზე. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალ საქართველოს მოქალაქეს სასაზღვრო კონტროლის დროს ახალი კორონავირუსის სიმპტომები დაუდგინდა 26 თებერვალს და მყისიერად მოხდა მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ლაბორატორიული ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხი იქნა მიღებული. არადა, სწორედ ამ დღეს ფეხბურთის მატჩი ჩატარდა ლიონის ოლიმპიკსა და ტურინის იუვენტუსს შორის, რომელსაც 3000 იტალიელი ქომაგი ესწრებოდა. საქართველოში მარტში ყველა სკოლა, სათხილამურო კურორტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი და ყველა ბიზნესი დაიხურა და გადაწყდა, რომ ორ ტერიტორიაზე გამოცხადებულიყო კარანტინი ვირუსის გავრცელების რისკის გამო”.