გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებენ
05/05/2020 08:39:06 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას პარლამენტში გამოცხადებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა. პარლამენტის წევრის განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტით, შერჩევითად, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ბიზნესებს ფინანსდება.
„იმისათვის, რომ ჩვენ სახლში ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით, გიორგი გახარიას იბარებს პარლამენტში. არმოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეს ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ. მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ინტერპელაციის მოთხოვნას საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს დაარეგისტრირებს.


