
ციხელაშვილი – ცხინვალში არსებულ ვითარებაზე: „რეალური სურათი არ გვაქვს“
06/05/2020 13:45:09 კონფლიქტები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთე ვან ციხელაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონაცემები გადაამოწმოს, ამიტომ რეალურ სურათს არ ფლობს.
„თავისთავად გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო ინფიცირებულების თაობაზე. საუბედუროდ და სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები. ამიტომ, ფაქტობრივად, რეალური სურათი არ გვაქვს. ეს არის ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია. გასაკვირი არ არის, რადგან არც ერთი ადგილი მსოფლიო პანდემიის პირობებში დაცული და დაზღვეული არა არის ინფექციის შეღწევისგან. ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოხდეს გავრცელების პრევენცია. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ, დაწყებული ინფორმაციის გავრცელებიდან, მათ შორის აფხაზურად და ოსურად, დასრულებული სხვადასხვა არხის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს:
„პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში არის იზოლირებული, ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულად შეზღუდული. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წვდომა აქვს, არის წითელი ჯვარი, რომელთანაც ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. თუმცა, კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, თვითონ მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაიცავს ყველა რეკომენდაციას, რომელიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული, ხელმისაწვდომი და შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისთვის: ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.