კალაძე ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა სჯერა, რომ „კანონს არავინ გადასცდებოდა“
06/05/2020 14:40:43 პოლიტიკა
თბილისის მერი კახი კალაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა სჯერა, რომ „კანონს არავინ გადასცდებოდა“.
„მე არ მაქვს ინფორმაცია რა პროექტებსა და პროდუქციაზეა საუბარი. შესაბამისად, შესაბამის სამსახურებს, ვინც ეს შესყიდვები განახორციელა შეგიძლიათ მიმართოთ. დარწმუნებული ვარ შესაბამის პასუხს მიიღებთ, კანონს არც ერთი ადამიანი არ გადასცდებოდა და ყველაფერი იქნებოდა კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე მიანიშნებს. საკითხზე კვლევა ჩაატარა IDFI-მაც. საუბარია ათეულობით მილიონი ლარის შესყიდვებზე.
როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი დავით მჟავანაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო ბუნდოვანი კრიტერიუმებით არჩევს კომპანიებს.
„22 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს 10 მილიონი ლარის სამედიცინო პროდუქცია შეიძინა სხვადასხვა კომპანიებიდან. მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი ისეთ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც არიან „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები. გვქონდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახეობის პირბადეები შეისყიდეს უფრო ძვირად, ვიდრე სხვა კომპანიები სთავაზობდნენ. თუმცა, კომპანია, რომლისგანაც მოხდა შესყიდვა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ეს შეიძლება, გარკვეულ რისკს ბადებდეს.
2012 წლიდან 2018 წლამდე 8 მილიარდის ასეთი ხელშეკრულებებია გაფორმებული. თუმცა, პანდემიის დროს ეს რისკები კიდევ უფრო გაიზარდა. იმიტომ, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური მოკვლევის თავისუფლება აქვს და ბუნდოვანი კრიტერიუმებით არჩევს კონკრეტულ კომპანიებს, მაგრამ რა არის კრიტერიუმი, არავინ იცის. საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება. ეს თანხები არსებობს ეჭვი, რომ მიედინება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებთან“, - აცხადებს მჟავანაძე.


