ვოლსკი – ყანდიაშვილზე: "რა საკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია"
06/05/2020 15:49:32 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის გაუქმებას.
„ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, ეს არის მთავარი საკითხი“, - თქვა ვოლსკიმ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.
„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქსივრცეში“, - ამბობს გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს:
დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი ის შოკშია მამუკა მდინარაძის კომნტარის გამო, რომელიც ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილისა და „ქართული ოცნების“ კავშირს უარყოფს.
ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში "ფეისბუქი" მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.
კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.


