Accentnews.ge
ბესელია – ყალბ „ფეისბუქ“–გვერდებზე: „ამ მეთოდებით ბრძოლა სტრატეგიის ნაწილი იყო“

ბესელია – ყალბ „ფეისბუქ“–გვერდებზე: „ამ მეთოდებით ბრძოლა სტრატეგიის ნაწილი იყო“

06/05/2020 20:22:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია პარტიაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თავადაც „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამიტომ, მმართველი გუნდის წევრების კომენტარები, რომ ისინი დეზინფორმაციას ემიჯნებიან, მისთვის არადამაჯერებელია.

„მახსოვს ბევრი შემთხვევა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ხდებოდა ყალბი ინფორმაციების გავრცელება. არაერთხელ ვყოფილვარ ამის მსხვერპლი და შემდეგ იგივე საკუთარ პარტიაში ვნახე“,– ამბობს ბესელია.

მისი თქმით, როგორც კი მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი უსამართლოდ წარიმართა და პარტიაში დაიწყო კონფლიქტი, თუმცა თავად ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრად რჩებოდა, მის წინააღმდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით, ყალბი გვერდებით შეტევა დაიწყო.

ბესელია აღნიშნავს, რომ პროცესი იმართებოდა მმართველი პარტიიდან.

„ამ მეთოდებით ბრძოლა სტრატეგიის ნაწილი იყო. ვინც უპირისპირდებოდათ შიგნით თუ გარეთ, მიაჩნდათ, რომ ეს დასაშვები იყო. [...] ბევრი იყო შემსრულებელი და ამაში დიდი თანხა იხარჯებოდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კოკა ყანდიაშვილი მართავდა პროცესს – არ ჰქონდა იმხელა გავლენები“,– განაცხადა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან მან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომელმაც კოკა ყანდიაშვილის პარტიასთან კავშირი უარყო:

„ახლა ექსპერტად იწოდება გია აბაშიძე, პარტიაში მყავს ნანახი საარჩევნო კამპანიის დროს. არც მასთან იყო რაიმე კონტრაქტი გაფორმებული – მოგვიანებით მოვიკითხე, როდესაც მან დავალება შეასრულა და ჩემთან დაკავშირებით რაღაც სისულელეების გავრცელება დაიწყო – ახლა კოკაზე [ყანდიაშვილზე] რომ ამბობენ. არ მინდა, მთელი სმძიმე კოკა ყანდიაშვილზე გადავიდეს. აქ მთავარია, რა მეთოდებით მოქმედებს მმართველი პარტია. [...]

საკუთარ პარტიაში რომ დავინახე შეკვეთილი სტატიები...პირველად შევეჩეხე ამას, არასდროს მქონია შეხება ამ შავბნელ ნაწილთან. მაშინ დავსვი კითხვები, „რა ხდებათქო?“. ჩემთვის ერთ–ერთმა ახლობელმა ადამიანმა მითხრა, „გირჩევ, არ გაქექო, შეეშვიო“. რა თქმა უნდა, არ შევეშვი, ჩემი ბრძოლა გგარძელდა და გახსოვთ, ძალიან დრამატულადაც წარიმართა...ამ ადამიანებისგან არაფერი მიკვირს, უბრალოდ გული მტკივა, ასე დანგრეულ „ოცნებას“ რომ ვუყურებ“.

ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში "ფეისბუქი" მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.

კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S