
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
08/05/2020 10:22:56 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი უწყებაში ადამიანური რესურსების მართვის, დიპლომატიური პროტოკოლის, ადმინისტრაციულ, დიასპორასთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს კურირებდა.