Accentnews.ge
"ოცნებას" აწყობს სააკაშვილი ოპონენტად ჰყავდეს. მიშა პირველმა აშშ–მა შეიფარა, მაგრამ ამის გამო ამერიკასთან ურთიერთობების გაცივებაზე არ მისაუბრია“

"ოცნებას" აწყობს სააკაშვილი ოპონენტად ჰყავდეს. მიშა პირველმა აშშ–მა შეიფარა, მაგრამ ამის გამო ამერიკასთან ურთიერთობების გაცივებაზე არ მისაუბრია“

08/05/2020 11:00:49 საგარეო პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის” წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშნვაზე „პოლიტიკურად უდიდესი მცდარი ნაბიჯია“.

მისივე თქმით, „სააკაშვილის თემა საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ აქცია შიდაპოლიტიკური მოხმარების იარაღად":

"მე ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: საქართველოს სახელმწიფოს პრობლემა უკრაინასთან გაუჩნდა მაშინ, როდესაც უკრაინამ თავისი მოქალაქე, სადღაც დანიშნა და საქართველოს ამავე უკრაინასთან არ ჰქონდა კითხვა, როდესაც საქართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს მიერ მსჯავრდებული პიროვნება უკრაინაში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, პოლიტიკაშიც ჩართული იყო და სრულფასოვან ცხოვრებას ეწეოდა. დიახ, "ოცნებას" აწყობს თავის ოპონენტად, საფრთხობელად ჰყავდეს წარმოჩენილი მიხეილ სააკაშვილი და ყველა, ვინც კი „ოცნების“ წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, გამოაცხადოს სააკაშვილი ფრთებქვეშ მყოფ ბარტყად. მე მაღელვებს ის, რომ უკრაინასთან ურთიერთობების ნაწილში საქართველომ გადადგა თანამედროვე სამყაროსთვის ყოვლად შეუფერებელი, მიუღებელი ქმედებები, ელჩის კონსულტაციებისთვის გამოხმობიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მაგრამ, ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ამდენი გონიერება".

მისივე თქმით, 2016 წელს, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მაშინ საქართველოს მთავრობას არც ელჩი დაუბარებია და არც საჯარო განცხადებები გაუკეთებია:

„ჩვენ საერთო ინტერესები გვქონდა – "ასოცირების შეთანხმების" ხელმოწერა. ეს ინტერესი ჩვენთვის იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე ვინმე უსუფაშვილი, ვინმე სააკაშვილი, ვინმე ივანიშვილი და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ეს ასე უნდა ხდებოდეს, აქ არის დეპერსონალიზაცია. ძალიან ბევრი რამ არ მომწონს რაც ხდება აშშ–ში. არ მომწონს რა გადაწყვეტილებებსაც იღებს მათი პრეზიდენტი, მაგრამ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მე აშშ–სთან – სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფუჭებას არ ვაპირებ. სააკაშვილი პირველმა აშშ–მა შეიფარა, როდესაც აქედან წავიდა, მაგრამ ამის გამო აშშ–სთან ურთიერთობების გაცივებაზე არ მისაუბრია და არ ვთვლი, რომ ეს უნდა ილაპარაკო და ელჩი გამოიძახო აქ. ამდენი ჭკუა უნდა ეყოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო როცა გაბარია, სახელმწიფო ინტერესებით უნდა ილაპარაკო. თუ რაღაც ვერ მოაგვარე და ეს ადამიანი იმდენად ვერ ამხილე, როგორც ივანიშვილს წარმოედგინა "5 კაცი არ მისცემს ხმასო", თუ ჯერ კიდევ 500 000 მოქალაქე მიჰყვება მას, ამას უნდა შეხედო და აღიარო მოცემულობად. კორონავირუსის შემდეგ საქართველო იქნება უმძიმეს ვითარებაში ეკონომიკურად, სოციალურად უსაფრთხოების კუთხით პრობლემები გაჩნდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდით დგომა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც უკრაინაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S