სოხუმის სანაპიროზე “კანონიერი ქურდების” მკვლელობაში ეჭვმიტანილი დღეს დაკავებისას დაჭრეს

08-05-2020 16:53:44 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია ბესლან ბგანბა, რომელიც სოხუმის სანაპიროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ძებნაში იყო გამოცხადებული.

აფხაზური დე ფაქტო გენერალური პროკურატურის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბგანბა დღეს ოჩამჩირეს რაიონის სოფელ არასაძიხში (აფხაზური სახელწოდება) დააკავეს.

«შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ბგანბამ რამდენიმე ცეცხნასროლი ჭრილობა მიიღო და ამჟამად აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება», – იუწყება დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახური.

დე ფაქტო პროკურატურის განმარტებით, სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 2 დეკემბერს - დავით ახალაიას, 15 დეკემბერს - დემურ ახალაიას, 2020 წლის 6 იანვარს კი ასლან ბლაბას მიმართ დაპატიმრების განაჩენი გამოიტანა. ამასთანავე, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ძებნაში გამოცხადდა ერიკ ჭკადუა.

2019 წლის 22 ნოემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რესტორან “სან-რემოს” კლიენტებს. შედეგად ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა დაიღუპნენ. 11 დღეში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა რესტორნის ოფიციანტი დომინიკა აკირთავა. კიდევ ორი მოქალაქე, რომელიც კიდურებში იყო დაჭრილი, გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ასევე: სოხუმის სამმაგი მკვლელობა და “ქურდების” ახლობლების მუქარა ხაჯიმბას

„ქურდული“ ომები აფხაზეთში"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები