
"ელჩს უკრაინიდან გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას"
09/05/2020 06:23:52 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ელჩს უკრაინიდან, რა თქმა უნდა, გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებასთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, ელჩის გამოძახება მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ კონსულტაციები გაიარონ იმასთან დაკავშირებით, თუ „როგორ დაიცვან ავანტიურისტებისგან უკრაინასთან ურთიერთობები“.
„საქმე არის შემდეგში, რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკეული აღებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021