
“მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება” – თბილისის პასუხი კიევის პასუხს
09/05/2020 09:34:29 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აინტერესებს, როგორ შეაკავებენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასე გამოეხმაურა იგი უკრაინელი მაღალჩინოსნების 8 მაისის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და მისი რომელიმე თანამდებობაზე დანიშნვა ან არდანიშნვა უკრაინის შიდა საქმეა.
"მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება - რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. როგორ შეაკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს - ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით", — განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ.
ამასთან, მისივე თქმით, “გასაგებია, რომ სააკაშვილი დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია”.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუშინ, 8 მაისს განაცხადა.
მისი განმარტებით, “საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშნვაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც ელჩის მონაწილეობით სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე”.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ 7 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე საუბარი იყო სააკაშვილის შესაძლო გავიცე-პრემიერებაზე. კერძოდ, 22 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. 24 აპრილს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ “პარტნიორის [უკრაინის] მიერ საქართველოს მიერ ძებნილი ადამიანის თავის ვიცე-პრემიერად დანიშნვა კატეგორიულად მიუღებელია”. 25 აპრილს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უკრაინულ კოლეგას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშნვა “სახელმწიფოებს შორის ნდობას შეარყევდა”.
იმავე დღეს თბილისის ამ პროტესტს უკრაინის რადის საპრეზიდენტო პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი დავით არახამია გამოეხმაურა. მან საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას “არასწორი” უწოდა, “ზეწოლის მცდელობად” შეაფასა და განაცხადა, რომ “უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად, ვინ - არა", რომ “საქართველო ამერიკა არ არის და თუ ამ დანიშნვის გამო უკრაინას შეექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო სერიოზული პრობლემები ექნება" და რომ “საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან, ამიტომ ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა განიხილებოდეს”.
თუმცა უკრაინის საპრეზიდენტო პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში სააკაშვილის კანდიდატურამ მხოლოდ 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო და ერთი კვირის შემდეგ იგივე დავით არახამიამ აცნობა საზოგადოებას, რომ სააკაშვილისთვის “მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს”.
კიდევ მოგვიანებით გაირკვა, რომ ხსენებულ “ახალ ფორმატში” უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იგულისხმებოდა.
“პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზება ჩვენი ფრაქციისთვის [სააკაშვილის გავიცე-პრემიერების თაობაზე ] მოულოდნელი იყო და პირველ ეტაპზე ხმებთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა. მას შემდეგ, რაც მიხეილმა გამართა შეხვედრები, ხმები საკმარისზე მეტი მოგროვდა. თუ გადავწყვეტდით, გვემოქმედა პირველადი გეგმით, უპრობლემოდ ვუყრიდით მის დანიშნვას კენჭს, მაგრამ ამ კონსულტაციების პერიოდში შევჯერდით, რომ ეს არ იქნებოდა ყველაზე ეფექტური პოზიცია ჩვენს წინაშე არსებული ამოცანების გადასაწყვეტად. რეფორმები მტკივნეული პროცესია და არ შეიძლება, მინისტრთა კაბინეტში იყო უპორტფელო ვიცე-პრემიერი და იმედოვნებდე, რომ გაატარებ კარდინალურ რეფორმებს - რეფორმების განსახორციელებლად აუცილებელია, გქონდეს გავლენა მთავრობაზე, პარლამენტზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. ეს ახალი კონსტრუქცია კი მთლიანად პასუხობს ამ ამოცანას: რეფორმების ეროვნულ საბჭოში, რომელსაც სააკაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან პარლამენტის საკვანძო კომიტეტების, სამინისტროების წარმომადგენლები, თავად მინისტრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელი, რომელიც ქვეყნის შიგნით შეგვიძლია, შევთავაზოთ [სააკაშვილს] რეფორმების განსახორციელებლად”, – განმარტა ამასთან დაკავშირებით დავით არახამიამ.
7 მაისს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, მათ შორის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მადლიერებას გამოთქვამდნენ უკრაინელი კოლეგების მიმართ იმის გამო, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვას მხარი არ დაუჭირეს.
"[…] ფაქტი ისაა, რომ რადაში მისი კანდიდატურის განხილვა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და საკუთრივ იმ თანამდებობაზე [ვიცე-პრემიერის] არ მოხდა. ვერ დავიბრალებთ, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენიც [საქართველოს ხელისუფლების პროტესტი] იყო. ახლა თუ რაღაც მრჩევლად, კონსულტანტად ან მდივნად დანიშნავენ - ნამდვილად აღარ ვიცი, მაგრამ მდივნობისას შეიძლება, ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგი “პიარშიკების” გარეშე - ამას იყო ის მიჩვეული.... რას იზამენ - არ ვიცი, მაგრამ ისეთ თანამდებობაზე თუ იქნება საუბარი, რომელიც “იგუგლება” მაინც, მაშინ შეიძლება, ჩვენ ჩვენი რეაქციებიც გვქონდეს", — განაცხადა გუშინ მდინარაძემ.
თბილისის რეაქცია სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე, რომელიც “იგუგლება”, კიევიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის 8 მაისს გაჟღერებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
თუმცა კიევს ეს ნაბიჯი არ აშინებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი დანიშნვა-არდანიშნვა ქვეყნის შიდა საქმეა, ხოლო “თუ თბილისი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, უკრაინა ამას გადაიტანს, მერე კი დაიწყება დაკარგულის აღდგენა”.
მოგვიანებით თბილისის მიერ ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც. რომლის აზრით, ამ ნაბიჯით ქართულმა მხარემ “შეცდომა დაუშვა”, თუმცა უკრაინა ანალოგიური ნაბიჯის გადადგომას არ აპირებს .
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მოგვიანებით კორუფციის თემაზე არაერთ ჩინოსანთან, მათ შორის თავად პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პოროშენკოს ბრძანებით, სააკაშვილი რეადმისიის წესით პოლონეთში დააბრუნეს. კიდევ მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება შეძლო.
თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ “პოროშენკოსგან განსხვავებით, ზელენსკისთან კონფლიქტი არ ექნება, რადგან იგი ქურდი არ არის”.