"არ მაქვს დრო, ქართულ პოლიტიკაზე კომენტარი ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთო"
11/05/2020 05:53:05 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინას საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ექნება. ამის შესახებ და საკუთარ სამომავლო გეგმებზე სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
„უკრაინას საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბევრად მეტად სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას საქართველო: ხორბლეული, წიწიბურა, უამრავი ხორცპროდუქი – უმეტესი ნაწილი უკრაინიდან მოდის. უკრაინა არის ჩვენი პროდუქციის გასაღების ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, უკრაინასთან ყოველგვარი ურთიერთობის ჩრდილქვეშ დაყენება კატასტროფული იქნება, საქართველში ხალხი შიმშილით დაიხოცება. მე, როგორც ქართველი და როგორც დღეს უკრაინის მოქალაქე, მთლიანად მხარს ვუჭერ უკრაინის პრეზიდენტის ამ სახელმწიფოებრივ პოზიციას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სააკაშვილმა დააანონსა, გუნდში ქართველების მიწვევას არ აპირებს:
„ვაპირებ, შევკრიბო ბევრი უკრაინელი. არ ვაპირებ ქართველების მოწვევას და ჩამოყვანას. გაიზარდა თაობა საინტერესო უკრაინელების, მაგონებს ჩემს პირველ საპარლამენტო ვადას, გამოჩნდა ჯგუფი, მათ შორის, უცხოეთში განათლება მიღებული, სიმპათიური ახალგაზრდების და მინდა რომ მათ ირწმუნონ თვიანთი ძალა. არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს ქვეყანა გამოვიყენო ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არის, რომ უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი, საქართველოც იქნება წარმატებული. ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით. უკრაინა უნდა გახდეს ევროპის ზესახელმწიფო“.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინული რეფორმების საკითხებით იქნება დაკავებული და არ აქვს დრო, რომ ქართულ პოლიტიკაზე კომენტარები გააკეთოს.
„შემდეგი თვეები დაკავებული ვიქნები უკრაინული რეფორმების საკითხებით. ორი - სამი საკითხის აღებას და მუშაობას ვაპირებ. საქართველოში ოქტომბრის ბოლოს არჩევნებია. ქართველი ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, ეჭვი არ მეპარება, რა გადაწყვეტილება იქნება ეს. საქართველოს სჭირდება განვითარება, სწრაფი წინსვლა, ტალახიდან, ჭაობიდან, სიღარიბიდან თავის დაღწევა. ჩემი გული მნიშვნელოვააწილად ძგერს საქართველოსთვის, თუმცა საქართველოშიც არის ბევრი საინტერესო ადამიანი. ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა. მე მათ და მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ ამიკრძალა, ნამდვილად არ მაქვს დრო, ქართულ პოლიტიკაზე ყოველდღიურ ვაკეთო კომენტარი. ეს არ არის ჩემი ფუნქცია, ჩემი პოზიცია ისედაც კარგად იცით, ჩემი პოზიცია არის მყარი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც ვართ და როდესაც ვიბრძოლებთ ბოლომდე, შედეგი გვექნება ძალიან მალე“.


