თეონა აქუბარდია – "Daily Mail"-ის სტატიაზე: „მიუხედევად იმისა, რომ სარწმუნო წყაროდან არ მეჩვენება, ყურადღება მისაქცევია“
11/05/2020 07:02:16 პოლიტიკა
„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის თეონა აქუბარდიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ "დეილი მეილის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუზუსტებელია, შესაბამისი უწყებების რეაგირება აუცილებელია.
„ეს იმ საინფორმაციო ომის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ჩინეთთან ერთად ახორციელებს. შესაბამისად, მიუხედევად იმისა, რომ „დეილი მეილი“ დიდად სარწმუნო წყაროდან არ მეჩვენება, ყურადღება მისაქცევია, თუ რატომ მოხდა ასეთი ტიპის სტატიის გამოქვეყნება. უწყებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ პარტნიორებთან ერთად ამ საქმის გამოძიებაში, რათა არანაირი ეჭვი არ დარჩეს, რომ საქართველოში თავისუფლად აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს თავისი მტრული საქმიანობის განხორციელების საშუალება“, - განაცხადა „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას "შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ".
"ეს არის ჩვენი ოპონენტების იმ მავნებლური სერიიდან, როცა ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში",– განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის: Daily Mail-ის ცნობით, საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა.


