Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას იხსნის

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას იხსნის

11/05/2020 07:40:31 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ „რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია“.

„ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან ,,ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს, თუმცა ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული“,– განაცხადა თალაკვაძემ და ამის მაგალითად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე ქართული საზოგადოების რეაქცია მოიყვანა, თუმცა არ დაუზუსტებია, როგორ გაზომა ის:

„ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის მიმართ გამოირჩევა. რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობა, პოლიტპატიმრებად და პოლიტდევნილებად წარმოაჩინონ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და სხვები, სრულიად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში. რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო როგორც იცით, აგრეთვე იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს“.

მან ელჩებს მიმართა, სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს:

„კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში“.

ცნობისთვის: 8 მარტს ელჩების თანდასწრებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ოპოზიციის ცნობით, შეთანხმება 2–ნაწილიანია. ერთი ეხება საარჩევნო ცვლილებებს, როლო მეორე „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებას და თუ ორივე ნაწილი არ შესრულდა, ისინი საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ხელისუფლება კი მსგავსი შეთანხმების არსებობას უარყოფს.

8 მაისს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, საქმე გვაქვს მორალურ პასუხისმგებლობასთან. ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რა არის შესრულებული [8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან], რომელიც დიპლომატების ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა ]. შეთანხმების დარღვევა მარტივია, გაცილებით რთულია მისი შესრულება. ვიმედოვნებ, საქართველო კარგ მაგალითს გვიჩვენებს, როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ღრმა პოლარიზების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. ყველაფერი მმართველი პარტიის პასუხსიმგებლობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, შეგვაშფოთა იმან, რომ შეთანხმება არ სრულდება. ჩვენ ამისკენ ვუბიძგებდით ხელისუფლებას რვა მარტამდეც. მაშინ მმართველმა პარტიამ აიღო პასუხსიმგებლობა, წასულიყო კომპრომისებზე. ამ თანხმობას უნდა ეჩვენებინა, როგორ ავირიდოთ სამართლებრივი საქმეების პოლიტიზება; როგორ არ უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური ოსტატობა, ვდევნოთ ოპოზიცია. ეს შეთანხმება არ სრულდება ისე ეფექტურად, როგორც ამას ჩვენ ველოდით. სამწუხაროდ, ისევაა ახალი საქმეები და ძველები, რომლებიც გამოგზავნილ წერილშიც ვახსენე“,–განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S