"ოპოზიციას ოთხივე შეხვედრაზე ვუთხარით, რომ პატიმრების საქმე შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა"
11/05/2020 06:40:41 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე მმართველმა გუნდმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი ვერ იქნებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამას შეთანხმების გაფორმებამდე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.
„იყო სამი შეხვედრა, ამას დაემატა ბოლოს მეოთხე შეხვედრა, სადაც გაფორმდა შეთანხმება. ოთხივე შეხვედრაზე დაისვა ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი [პატიმრების გათავისუფლება], თუმცა ოთხივე შეხვედრაზე მათ მიიღეს მკაფიო პასუხი მათ შორის კონკრეტული გვარების დასახელებით. ეს პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს იყო ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა ოთხივე შეხვედრაზე. გარდა ამისა, ჩვენ გავიხსენეთ მათი საჯარო განცხადებები, მათ შრის ციხიდან გაკეთებული, ერთი უგულავასი და მეორე რურუასი, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათი პატიმრობა არ უნდა გამხდარიყო დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების პროცესში. ეს განცხადება გაკეთდა 8 მარტამდე სამი დღით ადრე. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ამას მოჰყვა შემდეგ დღეებში მათი თანაგუნდელების განცხადებები, სადაც საუბარი იყო, რომ ისინი მიესალმებოდნენ უგულავას და რურუას განცხადებებს და ამბობდნენ, რომ ახლა მიეცათ შანსი, რომ პატიმრების საკითხის გარეშე გააფორმონ შეთანხმება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. მეტიც, განცხადება გააკეთა როგორც ბოკერიამ, ისე კაპანაძემ იმის თობაზე რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდნენ ვაჭრობის საშუალებას პატიმრებით. ეს საჯარო განცხადებებია და ადასტურებს იმას, რომ პატიმრების საქმე ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


