
დარსალია – "Daily Mail"-ის სტატიაზე: „პარტნიორებთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა“
11/05/2020 10:04:06 საგარეო პოლიტიკა
"ჩვენს პარტნიორებთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა“, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია "Daily Mail"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვით, "კრემლთან დაახლოებული ჰაკერების დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებს თავს ესხმიან".
"საქართველოს დიდ ბრიტანეთთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. თებერვალში სწორედ მათთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლინდა კიბერთავდასხმები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალსახად ვმუშაობთ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს არის სწორედ მცდელობა, რომ ამ თანამშრომლობის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული. ვარაუდის დონეზე – საქართველოს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ვის ინტერესებშიც არ შედის - ეს რუსეთის ფედერაციაა, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ცალკეული კონკრეტული ფაქტების უკან, ეს შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა", – აცხადებს დარსალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "Daily Mail"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
"ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას", - განაცხადა დეკანოიძემ.