„თუ ცვლილებებს ოპოზიცია ჩააგდებს, მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეული წლის განმავლობაში ტარდებოდა“
11/05/2020 10:58:48 პოლიტიკა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მზაობაა, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ხოლო „თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეული წლის განმავლობაში ტარდებოდა“.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ:
„ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვ ყავს. გვყავს კონკრეტული პირები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. რვა მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა [პოლიტპატიმრების გათავისუფლება] და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა პასუხსიმგებლობას, რომ უკანონობა ჩადეინა. ზოგადად, საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მკაფიოდ მიიღეს პასუხი – უარი“.
კალაძეს ჟურნალისტებმა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით აშშ–ის ელჩის განცხადება შეახსენეს.
„განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული აშშ-ის საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის და თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღეს ამაზე არჩილ თაკლაკვაძემაც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ამ შეხვედრებს, რომელიც ჩვენი დიპლომატების ფასილიტაციით ტარდებოდა, რომ ზოგადად საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი, მიიღეს უარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. უკანონობას არავინ არ ჩაიდენს და თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის, შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასათვის ცხადია და ცნობილია, შეუძლია ნახოს ყველამ.
ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ვიდრე ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, არ მახსოვს კიდევ ვიღაცები შეუერთდნენ ამ განცხადებას, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული და ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატების. ეს განცხადებები არსებობს, ყველას შეუძლია, ნახოს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.


