Accentnews.ge
USAID-ს მისიის დირექტორი: „მოველით, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ დაპირებებს ყველა მხარე შეასრულებს"

USAID-ს მისიის დირექტორი: „მოველით, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ დაპირებებს ყველა მხარე შეასრულებს"

11/05/2020 11:40:40 საგარეო პოლიტიკა

USAID-ს საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერის განცხადებით, "აშშ მოელის, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ დაპირებებს ყველა მხარე შეასრულებს".

კითხვაზე, მოელის თუ არა აშშ 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, "შეეხება პოლიტიკური პირების პატიმრობას", ვიბლერმა "რადიო თავისუფლებას" შემდეგი განუცხადა:

„აშშ-ის პოზიცია, რომელსაც ელჩი გამოხატავს, არის ის, რომ ჩვენ მოველით 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ. მართალია, ეს შეთანხმება მიღწეული იყო მანამდე, ვიდრე COVID-19-ის ვითარება მასშტაბს შეიძენდა საქართველოში და ამან გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, თუმცა ეს დაპირებები მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და მნიშვნელოვანია ახლაც. ასე რომ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაპირებები შესრულდება ყველა მხარის მიერ".

მისივე თქმით, "პანდემიამ ზეგავლენა იქონია ისეთ საკითხებზე როგორიცაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მხარეებს მათზე მუშაობა არ შეუწყვეტიათ":

„ვფიქრობ, ამ კრიზისის დროს ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა დაამტკიცეს და აჩვენეს უნარი ეპასუხათ COVID-19-ის სპეციფიკური გამოწვევებისთვის. პანდემიამ ზეგავლენა კი იქონია სხვა საკითხებზე, რომლებიც უფრო გრძელვადიანია და პირდაპირ არ უკავშირდება არსებულ კრიზისს - როგორიცაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მხარეებს არ შეუწყვეტიათ მათზე მუშაობა. მაგალითად, ჩვენი ჯგუფები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან და ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებთან ერთად მუშაობენ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან და მის საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფთან, რომ შევთავაზოთ ჩვენი რჩევა, ჩვენი წინადადებები, საუკეთესო საექსპერტო რჩევები მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლების გატარებაც საჭიროა ეუთოს რეკომენდაციების - რეალურად საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ძალიან მაღალი სტანდარტით, როგორსაც იმსახურებენ საქართველო და ქართველები. ჩვენ ვმუშაობთ ამ ფორმატში და ვთავაზობთ რჩევებს. ეს პროცესი არ შეჩერებულა, გვაქვს გაცვლა-გამოცვლა და წუხელ მივიღეთ რეკომენდაციები USAID-ს მიერ დაფინანსებული მსოფლიო ექსპერტისგან, რომლებსაც გავუზიარებთ სპიკერ თალაკვაძესა და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებს. ძალიან მალე გავაკეთებთ ამას იმის იმედით, რომ ის კვლავაც შეძლებს გვაჩვენოს შესანიშნავი თანამშრომლობა, რასაც ვხედავთ რეფორმის სხვადასხვა სფეროზე მუშაობისას“.

ცნობისთვის: 2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S