
"8 მარტის შეთანხმებაში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები უგულავას გათავისუფლებასაც გულისხმობდნენ"
11/05/2020 12:24:07 საშინაო პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, "8 მარტის შეთანხმებაში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები უგულავას გათავისუფლებასაც გულისხმობდნენ".
"[შეთანხმების მეორე] პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" მოაწერა და რატომ მოაწერა ხელი, ამაზე განმარტება თავად უნდა გააკეთოს", - აცხადებს ინაშვილი.
ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.