
საქართველოს ელჩი უკრაინიდან დაბრუნდა, თუმცა საკარანტინო ზონაში იმყოფება
11/05/2020 12:38:54 საგარეო პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში დაბრუნდა. ის თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა და ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში იმყოფება,– იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
კიევიდან გამომგზავრბამდე შარაშენიძეს შეხვედრა ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ოფიციალური თბილისის პოზიცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
„უკრაინულ მხარეს ჩემი პოზიცია არ გაკვირვებია და გაგებით შეხვდა. ჩემს გზავნილებზე ისაუბრეს პრესაშიც და თავიანთი შეფასებაც მისცეს. ჩემი გამოძახება კონსულტაციებზე და ქართული მხარის პოზიცია ყველასთვის ცნობილია. ბოლო დღეებში ამაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმაც და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც. ქართული მხარისთვის მიუღებელია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოში მსჯავრდებული პირის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, ქართული მხარე ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს კიდეც პარტნიორული ურთიერთობა. ამაში ჩვენი უკრაინელი პარტნიორებიც გვეთანხმებიან. ჩვენთვის უმნიშვენლოვანეს საკითხებზე, როგორებიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია, დემოკრატიული ინსტიტუციების გამყარება, ჩვენ ერთიანი პოზიციები გვაქვს და ამ ერთიანობით გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას შარაშენიძემ.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქლაქეა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური თბილისის პოზიციას გაგებით მოეკიდნენ, შემდგომში ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და გაღრმავების იმედიც გამოთქვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.