Accentnews.ge
"თუ ელჩებმა მეტი გვითხრეს, მაშინ "ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო", უნდა მიაყოლონ"

"თუ ელჩებმა მეტი გვითხრეს, მაშინ "ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო", უნდა მიაყოლონ"

11/05/2020 13:33:05 პოლიტიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი 8 მარტის შეთანხმებასა და დიპლომატიური კორპუსისადმი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოწოდებას აკრიტიკებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯს აზიანებს.

„პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე, თუ სავარაუდოდ, რისი მოლოდინი აქვს:

1. დარწმუნებულია, ელჩები სახელებითა და გვარებით იმაზე მეტს არ იტყვიან, რაც უკვე თქვეს. როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აშშ-ს საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ, პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოიწვია. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას, საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას 8 მარტის ერთობლივი განცხადება ემსახურებოდა. მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება". აქ რაც წერია, ამაზე მეტი თუ გვითხრეს, მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, უნდა მიაყოლონ.

2. თუ იმაზე მეტი თქვეს, რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. როგორც ჩანს, მსგავსი დარდი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს არ აქვს.

3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად, რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნასა და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. ახლა თუ ვერ იტყვიან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.

4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება?! ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ უარს იტყვის, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ქვეყნის რეპუტაცია იწირება. შემდეგ სერიაში რა ხდება?

5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხებოდა, თუ ამ დედამიწაზე ცხოვრება უნდოდა, შედეგები უნდა ეღიარებინა, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ამით მისთვის ყველაფერი მთავრდება. მთავარი განსხვავებაც აქ არის - სააკაშვილმა იცოდა, რომ არჩევნებში დამარცხების არაღიარებით ყველაფერი მთავრდებოდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ივანიშვილს კი ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის ყველაფერი ის მთავრდება, რაც დღეს მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის“, - წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S